ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი-გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი
FaceBook
საქართველოს პრემირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის ომბუდსმენის ოფისის შექმნის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნულის შესახებ იუწყება განცხადება, რომელიც პრემიერის ადმინისტრაციამ გაავრცელა. პრემიერის ინიციატივით მედიაომბუდსმენი მედიის სივრცეში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე", -წერია განცხადებაში.

პრემიერი ადასტურებს, რომ ხელისუფლებისთვის დემოკრატიული ღირებულებები მათ შორის სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი მონაპოვარია." ამასთან, მინდა, ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც. სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე, როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, "- აღნიშნულია განცხდებაში.


პრემეირის თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს მთავარი მონაპოვარი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით.

"სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის, ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი.
ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც "რუსთავი 2"-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე - საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს", - მითითებულია განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი აღნიშნავს, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

"საუბარი არ არის პრესომბუდსმენზე, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ მაგალითად შვედეთში, ანუ თვითმარეგულირებელ ორგანოს. არამედ საუბარია ადამ მიხნიკის ჯგუფი რომ იყო ადრე დაახლოებით ასეთზე. უცხოელი ექსპერტების ჯგუფი, რომელიც შეისწავლის აქაურ გარემოს, დაამონიტორინგებს და დადებს რეკომენდაციებს. ისეთი დონის ექსპერტები როგორიცაა მაგალითად, დუნია მიატოვიჩი. რაზეც ჩვენი პასუხი იყო, რომ დუნია მიატოვიჩი, ისევე როგორც სხვა ექსპერტები, ორგანიზაციები ისედაც წერენ რეკომენდაციებს და სჯობს ის შევასრულოთ. ასევე ჰკითხეს სახალხო დამცველზეც, რომლის რეკომენდაციებიც არ სრულდება. ამის საპასუხოდ პრემიერმა თქვა, რომ უცხოელი ექსპეტები ვერ იღებენ ზუსტ ინფორმაციას, სჯობს აქ იყოს და ჩამოვიდეს რომელიმე და იმუშაოს დიდხანს. სახალხო დამცველზე თქვა რომ ტენდენციურია,არანაირი დადებითი შეფასება ჩვენი მხრიდან ამ ინიციატივაზე არ ყოფილა. არც კი განვრცობილა ეს თემა და დისკუსიაშიც კი არ შევსულვართ ამ საკითხზე"- ამბობს ძველიშვილი.

ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც  არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის შეხვედრა გამართა.

Print