ახალი ამბები
"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა.
პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები: გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე ესწრებოდნენ.

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას თქმით, გავრცელებული ინფრომაცია იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის მშნებლობის გამო, ადგილზე ხეები მოიჭრება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ მწვანეში ისე ჩაიდგას შენობა, რომ არც ერთი ხე არ მოიჭრას. პირიქით, მშენებლობა მხოლოდ დადებით ზეგავლენას მოახდენს გარემოზე და არა უარყოფითს", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ფონდი "ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური.

"ეს არის უზარმაზარი პროექტი. ჯერ პირველი ეტაპია გასავლელი და ასე მალე ვერ მოხდება მშენებლობის დასრულება. საუნივერსიტეტო ქალაქზეა საუბარი და ეტაპობრივად მოხდება მშენებლობა. 2019 წელს პირველ ნაკადს უკვე მიიღებს უნივერსიტეტი, თუმცა, სამუშაოები კვლავ გაგრძელდება",-განაცხადა გიორგი უძილაურმა.

მისივე თქმით, ადგილზე მოსაზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერისტეტის მშენებლობა გასული წლის 12   სექტემბერს  დაანონსდა.

პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტი 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება და 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

მშენებლობას 1 მილიარდი ევრო მოხმარდება, რომელსაც სრულად დააფინანსებს ფონდი "ქართუ".

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი,  ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
Print