ახალი ამბები
შსს-მ თბილისის ლომბარდებიდან უსაბუთოთ ჩაბარებული ტექნიკა ამოიღო
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახის შეხება გააჩნია ამოღებულ ნივთებთან და დადგინდება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და მესაკუთრეების შესახებ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტს გულისხმობს.


Print