ახალი ამბები
"კანაფის საქმეზე" ბრალდებული მოძღვრის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სასულიერო პირის, რომლის საცხოვრებელი სახლიდან კანაფი ამოიღეს, პროცესი 2 თებერვალს 13:00 საათზეა ჩანიშნული.
გიორგი ჯახუას ადვოკატი სასამართლო პროცესზე ალტენატიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს.

"საქმის არსებითი განხილვის მოსამზადებელი სხდომაა, სადაც ჩვენ ამოღებულ კანაფზე განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობას დავაყენებთ", – ამბობს ვალერი თევდორაძე.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ასევე მოხდება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა.

გიორგი ჯახუასთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გირაოს სახით დაკისრებული თანხის 2000 ლარის გადახდის ვადა მიმდინარე წლის 4 მარტს იწურება.

გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე, კანაფი მიმდინარე წლის 17 იანვარს, ღამის საათებში ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯახუას სახლიდან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არაა. სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სახლში ვარ ჩაწოლილი. 2010 წელს, მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს, აღდომის მარხვაში, ხელი დამასხეს წმნიდა გიორგის სახელობის ტაძარში, სენაკის რაიონში", - ამბობს  სასულიერო პირი.

ქუთაისიპოსტს სალხინოს მამათა მონასტერში განუცხადეს, რომ გიორგი ჯახუა 2010 წლამდე, ერთი წლის განმავლობაში მონასტერში მღვდელმსახურებას ასრულებდა.


Print