ახალი ამბები
ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი გოგონას ახლობელი: სუიციდის მცდელობა არ ყოფილა
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედიში" გარდაცვლილი 18 წლის გოგონას ახლობლები, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმის გამოძიების დაწყებას არ ეთანხმებიან. კლინიკაში 24 თებერვალს  გარდაცვლილი გოგონას საქმეზე გამოძიება შსს-ში სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობლების განმარტებით,
ადგილი არ ქონია სუიციდის მცდელობას. მათი თქმით, გოგონა  ქუთაისის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. 

"გონებას  ადრეც კარგავდა  ხოლმე და დედამისმა  ეს იცოდა. ექიმებმა თვითონ არ იციან რით გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დასვეს. არანაირი სუიციდის მცდელობა არ იყო, ორგანიზმში წამალი არ აღმოუჩენიათ.  ამიტომ  მაგაზე საუბარი არ ღირს, სანამ ექსპერტიზა არ დაადგენს რა მოხდა ", - ამბობს გარდაცვლილი 18 წლის გოგონას ოჯახის ახლობელი.     

ჭიათურიდან  18 წლის  გოგონა კლინიკა "უნიქალ მედიში" კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
მკურნალობის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა, 24 თებერვალს კვლავ დამძიმდა, რასაც 18 წლის ახალგაზრდას გარდაცვალება მოჰყვა.

პაციენტის ახლობლები გოგონას  გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ.

კლინიკის მთავარი ექიმი შოთა მარუაშვილი კი აცხადებს, რომ "უნიქალ მედიში" პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. ექიმის თქმით, პაციენტის გარდაცვალების რეალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.






Print