ახალი ამბები
"ნუ გვისმენთ" - ქუთაისში ე.წ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ე.წ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა აქციით გააპროტესტეს.

"ნუ გვისმენთ", - ესაა ძირითადი მოთხოვნა, რასაც აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტრანსპარანტებით ეწინააღმდეგებიან.

"ბაღნარი იქნებოდა აქაურობა წინა ხელისუფლების დროს, ახლა კი საძოვრებადაა გადაქცეული. იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, ჩვენ გვისმენენ," - ამბობენ პარლამენტის შენობასთან შეკრებილები.

მათ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც შეურთდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ე.წ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ყველაზე ცუდია, რაც კი მოქმედმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში მიიღო.

"გარდა იმისა, რომ მეტს მოგვისმენენ და ამას ჩვენი ჯიბიდან დააფინანსებენ, ერევიან ბიზნესის საქმინობაში. ნებისმიერ კამერას, რომელიც აქ დგას, ჩემს ტელეფონსაც კი, შეიძლება, მოსმების საშუალება ჰქონდეს. ყველაფრის ლიცენზირება იწყება. ბიზნესს კლავენ," - ამბობს რომან გოცირიძე.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ადამიანებისა და ბიზნესის ტოტალური კონტროლი იწყება, რასაც ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სუს-ის მეშვეობით განახორციელებს.

საქართველოს პარლამენტი ე.წ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს.

კანონპროექტი,  არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომაც" გააკრიტიკა.

Print