ახალი ამბები
TI ფარული მოსმენების კანონპროექტზე – "სუსი არ თმობს მოსმენების სისტემას"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელსაც ფარული მიყურადების განსახორციელებლად ე.წ. გასაღები ექნება, ფორმალობად მიიჩნევს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს.

მათი თქმით, სააგენტო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპი იქნება, არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს. შესაბამისად, რეფორმით მივიღებთ არა დამოუკიდებელ ორგანოს, არამედ, სუსის კიდევ ერთ სტურქტურას.

"ცალსახაა, რომ სუსი არ თმობს მოსმენების სისტემას. ამ რეფორმით არათუ იცვლება რამე, არამედ, უარესდება. არავითარი დამოუკიდებელი სააგენტო რეალურად არ იქმენა. ეს არის სუსის მატერიალურ–ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც ახლაც ახორციელებს ფარულ მიყურადებას. სწორედ ეს დეპარტამენტი გადაკეთდება სააგენტოდ, რაც, რა თქმა უნდა, ფორმალობაა და ამას არც შეიძლება რეფორმა დავარქვათ", – აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" საპარლამენტო მდივანი, ლიკა ქაჯაია.

მისვე თქმით, სააგენტოს შექმნით ქვეყანა კიდევ ერთ პოლიციურ მონსტრს მიიღებს.

"როგორც ცნობილია, ეს სააგენტო პოლიციურ ფუნქციებსაც შეითავსებს, კერძოდ, ექნება ფარული ვიდეო და აუდიო გადაღების, მოქალაქის ქუჩაში გაჩერების, ჩხრეკის და დაკავების უფლებაც კი. ასევე, იგეგემება სააგენტოს სტურქუტურებად დაყოფა და შესაძლოა,  ყველა ქალაქში მივიღოთ სუსის ქვედანაყოფი, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას", – ამბობს ლიკა საჯაია.

არასამათავრობო სექტორი მთავრობას სუსისგან სამართლებრივად დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნას სთავაზობდა, რომელიც მოქალაქის ფარულ მიყურადებას მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელებდა. რაც მათი აზრით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულის შემთხვევაში შეუძლებელია.

ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა კიდევ ორი მოსმენით უნდა განიხილოს.

ახალმა სააგენტომ კი, ფუნქციონირება მიმდინარე წლის 31 მარტამდე უნდა დაიწყოს.

რეფორმისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის გამოყოფა მოხდება.


Print