ახალი ამბები
"ყოფილი პატიმრების გაძლიერების" პროექტის ფარგლებში ბენეფიციარების დასაქმება იგეგმება
FaceBook
იმერეთსა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიოებნში ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახებისა და პრობაციონერების ხელშეწყობა იგეგმება. "ყოფილი პატიმრების გაძლიერება" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ფონდი "აფხაზინტერკონტი" ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების, პრობაციონერების განათლების, განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

"ასევე, პროექტი ითვალისწინებს სამედიცინო ხელშეწყობას, იურიდიულ დახმარებას. მთავარი კომპონენტი მათი ეკონომიკური გაძლიერებაა. მათი დასაქმება საოჯახო, მცირე ბიზნესში. აგრეთვე, პროფესიული გადამზადება", – ამბობს "აფხაზინტერკონტის" გამგეობის თავმჯდომარე და ამ პროექტის კოორდინატორი, არჩილ ელბაქიძე.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, უნარ–ჩვევების განვითარებაშიც დაეხმარებიან. ასევე, სხვადასხვა კომპანიებთან გაუწევენ კოორდინაციას.

პროექტი სამწლიანია. ის 1 თებერვალს დაიწყო და 2019 წლის 31 ნოემბერს დასრულდება. მასში მონაწილების მიღება იმერეთის რეგიონიდან სულ 500 ბენეფიციარს შეეძლება. წელს კი, პროექტის ფარგლებში ბინზესსქტორში 50 ადამიანის გადამზადება მოხდება.

სამწლიანი პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარსზე მეტს შეადგენს. ის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი განხორციელების არეალი კი დასავლეთ საქართველოში აჭარას, გურიას, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და იმერეთს მოიცავს.

პროგრამით დაინტერესებულები, ქუთაისში, ფონდ "აფხაზინტერკონტის" ოფისში უნდა მივიდნენ, რომელიც ნინოშვილის ქუჩა #27 ნომერში მდებარეობს.

Print