ახალი ამბები
ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგად შსს–მ 57 ადამიანი დააკავა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2017 წლის 21-22 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო კონტროლის შედეგად სამართალდარღვევის ფაქტებზე 57 პირი დააკავა.  მათგან სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი. ასევე დაკავებულია ორი ძებნილი პირი.

ორდღიანი საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველებმა სულ 1261 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის 80 სისხლის სამართლის და 1182 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დანაშაული.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და ტარების 21 შემთხვევა დააფიქსირეს. ასევე, გამოავლინეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების – 15, ქურდობის –11, ჯანმრთელობის დაზიანების – 2, სხვისი ნივთის დაზიანების – 1, ძალადობის –5 და ცივი იარაღის ტარების – 2 ფაქტი.

ორდღიანი კონტროლის შედეგად წვრილმანი ქურდობის, ცივი იარაღის ტარების, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და სხვა ადმინისტრაციული სამრათალდარღვევის 1182 ფაქტია გამოვლენილი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.

ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი "სუბოქსინი", 1 შეკვრა ე.წ. "ბიო" და სხვა.

Print