ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ფრაქციას ტოვებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "სამართლიანობის" წევრი, ლელა ქელბაქიანი ფრაქციას ტოვებს და "ქართული ოცნება–მრეწველებს" უერთდება. ფრაქცია "სამართლიანობაში" კი მას საკრებულოს ყოფილი "რესპუბლიკელი" დეპუტატი, რობინზონ წინწკალაძე ჩაანაცვლებს.

ლელა ქელბაქიანი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში გადაწყვეტილების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებს.

"არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ პოლიტიკურად ვარ "ქართული ოცნების"  მხარდამჭერი და ეს იცის ყველამ. ჩემი თავი იქ უფრო დავინახე, სადაც გადავდივარ და მიმაჩნია, რომ უფრო კარგად ვიგრძნობ თავს, რადგან თანამოაზრეები მეყოლებიან", – განაცხადა ლელა ქელბაქიანმა.

ფრაქცია "სამართლიანობას" გაწევრიანების  თხოვნით  რობინზონ წინწკალაძემ თავად მიმართა.

"შევიტყვე რომ ქალბატონი ლელა მიდიოდა. საქმის კურსში ჩამაყენეს და ჩემთვისაც მისაღები იყო. სხვა ფრაქციებიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი", – ამბობს რობინზონ წინწკალაძე.

მისივე თქმით, ფრაქცია "სამართლიანობაში" გაწევრიანება მის წევრებთან აზრობრივი თანხვედრის გამო გადაწყვიტა.

"შესაძლოა,  პოლიტიკურად სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, მაგრამ საერთო მსოფმხედველობა გვაქვს და ამიტომ მისაღები იყო ჩემთვის", – განაცხადა რობინზონ წინწკალაძემ.

ცვლილებების შედეგად ფრაქცია "სამართლიანობაში" კვლავ სამი დეპუტატი:  კახი დვალიშვილი, გელა გაბადაძე და რობინზონ წინწკალაძე იქნებიან.

ფრაქცია "ქართული ოცნება–მრეწველებს" კი 4 დეპუტატი– ბექა ყანჩელი, ვიქტორ დოლიძე, ლაშა გვენეტაძე და ლელა ქელბაქიანი ეყოლება.

რაც შეეხება, ლაშა გვენეტაძეს, რომელიც  ამ დრომდე ფრაქციის თავმჯდომარეა,  მის პოსტზე ვიქტორ დოლიძეს აირჩევენ.

ფრაქციულ ცვლილებებს დეპუტატები მიმდინარე წლის 22 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.


Print