ახალი ამბები
იმერეთი ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა
FaceBook
იმერეთის რეგიონი ევროპის რეგიონთა ასამბლეაში (ერა) გაწევრიანდა. ერა -ს უდიდესი ქსელი, რომელიც 35 ქვეყანას აერთიანებს, წევრ სახელმწიფოებთან პოლიტიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობს.

ერას პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს თანამშრომლობისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა.

"მსურს მოგიწოდოთ აქტიური თანამშრომლობისკენ. რათა ჩვენი ქსელის მიმდინარე პროექტებში მონაწილეობით სარგებელი მიიღოთ. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სფეროში საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროთ ჩვენს თემატურ კომიტეტებში და სამუშაო ჯგუფებში. აგრეთვე, შეგიძლიათ გაგვაცნოთ თქვენი საუკეთესო პრაქტიკა ახალგაზრდულ საქმეთა და ინოვაციების სფეროში", - ნათქვამია იმერეთის გუბერნატორის სახელზე გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ერას პრეზიდენტი, ჰანდე ოზსან ბოზატლი აწერს.

თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი პროექტების მომზადება, ეფექტური თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება რეგიონთა ინტერესების გათვალისწინებით.

ევროპის რეგიონთა ასამბლეის სამიტი საქართველოში პირველად 2016 წელს, ბათუმში ჩატარდა.

აჭარისა და გურიის შემდეგ კი ერა-ს უკვე იმერეთიც შეუერთდა.

ერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ დონეზე ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობაში.

Print