ახალი ამბები
ქუთაისის მერია გზების ორმოული შეკეთების პირობას დებს
FaceBook
ქუთაისში, გზებზე ორმოული შეკეთების სამუშაოები ამინდების გამოსვლისთანავე დაიწყება.

ამ განცხადებით ქუთაისის მერიის პრესცენტრმა ბალახვანში მოსახლეობის პროტესტს უპასუხა.

ბალახვნის დასახლებაში საგზაო ნიშნის დანიშნულებით გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სკამი დადგეს.

ადგილობრივების თქმით, ამ ხერხს იმ მიზნით მიმართეს, რომ ამორტიზებული გზის მონაკვეთზე ჩავარდნისგან დაიცვან ავტომობილები.

ორმოები და დაზიანებული გზები ქუთაისში მძღოლების კრიტიკის საგანია. მათი განცხადებით, ავტომობილების დაზიანების შემთხვევები გახშირდა.

ადგილობრივები ქუთაისს ორმოების ქალაქსაც უწოდებენ და იმ შემთხვევაში, თუ გზების დროული რეაბილიტაცია არ მოხდება საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის გზებზე არსებული მდგომარეობა მათთვის ნაცნობია, თუმცა აცხადებენ, რომ პრობლემების მოგვარებაში ხელს უამინდობა უშლით.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ქალაქის ქუჩების სავალი ნაწილის "ორმოული" შეკეთებისთვის სახელმწიფო შესყიდვა გასული წლის 19 იანვარს გამოაცხადა.

539 900 ლარის ღირებულების ტენდერი შპს "დაგი +" მა პრეტედენტების გარეშე მოიგო.

ელექტრონული შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.


Print