ახალი ამბები
ქუთაისის მერის სტიპენდიის მისაღებად სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის კონკურსი გამოცხადდება
FaceBook
ქუთაისის მერია, წარმატებული სტუდენტებისა და მოსწავლეების გამოსავლენად, კონკურსს ჩაატარებს. "მერის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის" - ამ სახელწოდებით კონკურსი მაისის თვეში  გაიმართება და ორ ეტაპად ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეებს ეროვნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ტესტირება ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ჩაუტარდებათ. მასში მონაწილეობას მე-11 კლასის მოსწავლეები და მესამე კურსის სტუდენტები მიიღებენ. ტესტირება  კი, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში გაიმართება.

გამარჯვებულებს მერის სტიპენდია 8 თვის განმავლობაში  დაენიშნებათ.

პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 25 000 ლარს შეადგენს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ,  ყოვევლთვიურად სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრული არ არის. მათივე თქმით, ეს იმის მიხედვით და იმ რაოდენობით გადანაწილდება, რამდენი მოსწავლე და სტუდენტიც გადალახავს ბარიერს.

მერის სტიპენდიის მისაღებად  კონკურსი ქუთაისში მესამედ ჩატარდება. 


Print