ახალი ამბები
ლიპყინულის გამო ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს
FaceBook
ლიპყინულის გამო ქუთაისის მიმართულებით გზების ნაწილზე  შეზღუდვებია დაწესებული. ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-დან  72–ე კილომეტრზე  (ნაქერალას უღელტეხილი) და ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 40 კილომეტრიან მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები ასევე მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე (100კმ-125კმ), სადაც გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სინოპტიკოსები მდგრადი ამინდის შენარჩუნებას 21 თებერვლამდე ვარაუდობენ.

Print