ახალი ამბები
ქუთაისის მერია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპორტულ ინვენტარს ყიდულობს
FaceBook
20 წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქუთაისის მერია სპორტულ ინვენტარს ყიდულობს.

ჩემპიონატისთვის, რომელსაც დედაქალაქთან და რუსთავთან ერთად ქუთაისმაც უნდა უმასპინძლოს, ადგილობრივი თვითმმართველობა 200–მდე სხვადასხვა ტიპის სპორტულ ინვენტარს შეიძენს. მათ შორის არის ტრენაჟორები ნიჩბოსნებისთვის და მოთხილამურეებისთვის, ჰანტელები, სხვადასხვა წონის ფირფიტები და სხვა.

სპორტული აღჭურვილობის შესაძენად ქუთაისის მერიამ 154 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

გამარჯვებულმა კომპანიამ შეძენილი ინვენტარის ადგილზე მიტანა მიმდინარე წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს.

ელექტრონულ შესყიდვაზე წინადადებების მიღება 2017 წლის 9 მარტს დასრულდება.

20 წლამდელთა რაგბის ჩემპიონატს საქართველო მიმდინარე წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

უკვე ცნობილია, რომ სლოვაკურმა კომპანიამ, რომელსაც ჩემპიონატისთვის ქუთაისში, თბილისა და რუსთავში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი უნდა აეშენებია, სპორტის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ ამის მიუხედავად დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და ჩემპიონატის ჩატარებას ხელი არ შეეშლება.

Print