ახალი ამბები
ქუთაისი–სვანეთის დამაკავშირებელ გზას ხორვატული კომპანია დააპროექტებს
FaceBook
ლენტეხისა და მესტიის საავტომობილო გზის 40 კილომეტრიან მონაკვეთს, რომლითაც სვანეთი ქუთაისს უნდა დაუკავშირდეს, ხორვატული კომპანია დააპროექტებს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კომპანიის ქართულ წარმომადგენლობასთან "სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში" ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის დაპროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 518 848 ლარი დაიხარჯება, ხოლო საავტომობილო გვირაბის მშენებლობის პროექტისთვის 170 000 ლარია გამოყოფილი.

ჯამში, 40 კილომეტრიანი გზის პროექტირებისთვის ხორვატული კომპანია 4 688 848 ლარს მიიღებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით ლენტეხი და მესტია ერთმანეთს საავტომობილო გვირაბით დაუკავშირდება, რაც შექმნის ქუთაისი - წყალტუბო - ლენტეხი - მესტია - თეთნულდი - უშგული - ზუგდიდი - ანაკლიის "ტურისტულ წრეს".

კომპანიამ პროექტი დამკვეთს 2017 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს, რის შემდეგაც უკვე ტენდერი პროექტის შემსრულებლის შესარჩევად გამოცხადდება.

ქუთაისი–სვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთი წლის წინ დააანონსა.


Print