ახალი ამბები
"სოციალური მეწარმეობის" მხარდასაჭერად სტუდენტებისთვის კონკურსი იწყება
FaceBook
სტუდენტებისთვის კონკურსი სახელწოდებით "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად –2017" იწყება.
პროექტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ხორციელდება.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტაა. სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორის, გიგა ჩიტიშვილის თქმით, პროექტი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს.

კონკურსში დარეგისტრირება გუნდურად ხდება. ჯგუფში 4 ადამიანის შემადგენლობით, მათგან 1 აუცილებლად არის ლიდერი.

ორგანიზატორების განმარტებით, თავიდან შეირჩევა 12 გუნდი. მათ დავალებები მიეცემათ სოციალური საწარმოების პრობლემური ამოცანების გადაწყვეტაზე. 20 დღის განმავლობაში კი თეორიულად უნდა დასახონ გზები თუ როგორ შეეცდებიან ამა თუ იმ საწარმოს პრობლემის მოგვარებას.
"12 გუნდიდან შემდგომ 4 შეირჩევა, რომლებსაც 1500 ლარიანი ბიუჯეტი გადაეცემათ იმისათვის, რაც მათ თეორიულად დაწერეს პრაქტიკულად განახორციელონ“, –ამბობს პროექტის კონსულტანტი, გიგა ჩიტიშვილი.

მისივე თქმით, გამარჯვებულები საინტერესო პრიზებით დასაჩუქრდებიან.

კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან, როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სემინარები და გაცნობითი შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ორგანიზატორები დაფარავენ.

კონკურსი "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად" 2012 წლის შემდგომ იმართება.

2017 წელს კონკურსი გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის "სოციალური მეწარმეობა, ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის" ფარგლებში.
„დარეგისტრირება ხდება გუნდურად. ჯგუფში 4 ადამიანის შემადგენლობით, მათგან 1 აუცილებლად არის ლიდერი. სააპლიკაციო განაცხადების მიღების პერიოდში, ასევე, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ახალციხეში სემინარები და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართება“, – ამბობს სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორი, გიგა ჩიტიშვილი.


საინფორმაციო შეხვედრა, ქუთაისში, მიმდინარე წლის 24 თებერვალს შედგება.
Print