ახალი ამბები
„ევროპული საქართველო“ ქუთაისში ოფისს გახსნის
FaceBook
პარტია "ევროპული საქართველო–უკეთესი მომავლისთვის" ქუთაისში ოფისს ნიუპორტის ქუჩაზე გახსნის. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ოფისში რამდენიმე დღეში გადავლენ, პრეზენტაცია კი მოგვიანებით გაიმართება.

ორგანიზაციას ჯერ–ჯერობით ოფიციალური ხელმძღვანელი არ ჰყავს. თუმცა, პარტიის წარმომადგენლის და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ამირან ძოწენიძის თქმით, ქუთაისში პარტიის ლიდერი გია თევდორაძეა.

"თავმჯდომარეს ყრილობაზე ავირჩევთ, რომელიც სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება. მანამდე კი, ორგანიზაციას გია თევდორაძე ხელმძღვანელობს, როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის დრო იყო", – ამბობს ამირან ძოწენიძე.

მისივე თქმით, პარტიას მნიშვნელოვანი გეგმები აქვს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

"ჩვენ გვეყოლება მერობის კანდიდატი და აქტიურად მოვემზადებით  ამისთვის",– აღნიშნავს ამირან ძოწენიძე.

რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოში შექმნილ ვითარებას, მისი თქმით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის მიუხედავად, წარმომადგენლობით ორგანოში "ევროპული საქართველოს" წევრები ახალი ფრაქციის შექმნას ჯერჯერობით არ აპირებენ. 



Print