ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა "–ქუთაისის მერია მგზავრობის ტარიფის გაზრდას გეგმავს
FaceBook

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქის მერიასა და გადამზიდავ კომპანიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით,  საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულების 20 თეთრით გაზრდას ეხება.
"თავდაპირველად საუბარი იყო მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდაზე, ახალ კი 20 თეთრით მომატებაზეა საუბარი. მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას, შეუმციროს ყოველთვიური გეგმიური შესატანი ამ ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფ მძღოლებს და ისინიც აღარ მოითხოვენ ტარიფის ზრდას", – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის  ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა შუშანიამ.

მისივე თქმით, ქუთაისის მერიამ უნდა შეამციროს  პრემიებისთვის გაცემული თანხა, რომელმაც მისი თქმით, გასულ წელს 800 000 ლარი შეადგინა და  დაზოგილი თანხით გადამზიდავ კომპანიებს გეგმიური თანხის რაოდენობა შეუმციროს.

მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდას არ ადასტურებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და აცახდებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის აფორიაქებას ცდილობს.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი არ უარყოფს, რომ არსებული ტარიფი მძღოლებში უკმაყოფილებას იწვევს,   თუმცა, ამბობს, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება.

"რა თქმა უნდა ყველას უნდა რომ მიიღოს მეტი მოგება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ჯდება მათი ეს მოთხოვნა ნორმაში. ყველა გადამზიდავს სანებართვო პირობებში უწერია, რომ ვადის გასვლამდე არსებული ტარიფი უნდა შეინარჩუნოს. საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ტარიფი გაიზარდოს, ემსახურება მოსახლეობის აფორიაქებას", - განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

ქუთაისში  საქალაქო ავტობუსზე მგზავრობის ღირებულება 0.30 ლარს, ხოლო მიკროავტობუსებზე  0.40 - 0.50 ლარს შეადგენს. 


Print