ახალი ამბები
"გავააქტიუროთ მრჩეველთა საბჭოები" - ტრენინგი სამოქალაქო მრჩევლებისთვის
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, გამგებლებისა და მერების სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წევრებისთვის ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი მიმდინარეობს.

შეხვედრის მთავარი თემა, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები, მრჩეველთა საბჭოს როლის მნიშვნელობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გახლდათ.

"გვინდა, რომ გავააქტიუროთ ეს მრჩეველთა საბჭოები, რათა მათ უფრო კვალიფიციურად შეძლონ საკუთარი ფუნქციების განხორციელება. ბევრი კვალიფიციური და გამოცდილი წევრია, მაგრამ ბევრია ისეთი, რომლებსაც პირველად უწევს შეხება ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ აღნიშნული ტრენინგის ჩატარება ", - ამბობს "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, კოტე კანდელაკი.

მსგავსი ტრენინგები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება. მათ შორის იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტეშიც.

პროექტს "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი" ახორციელებს, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

მრჩეველთა საბჭო, ძირითადად, მოქალაქეთა მცირე ჯგუფისგან ფორმირდება. კოდექსის მიხედვით, ის სულ ცოტა 10 წევრისაგან უნდა შედგებოდეს. საბჭოს წევრების შერჩევას გამგებელი ან მერი მათი პატიოსნების, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, პატივისცემისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ახდენს.

Print