ახალი ამბები
"პარკინგსერვისს" გაფრთხილების გარეშე დაჯარიმებაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისში,  ადგილობრივები შპს "პარკინგსერვისს" გაფრთხილების გარეშე დაჯარიმებაში ადანაშაულებენ.
როგორც მძღოლები ამბობენ, კომპანია აბონენტებს პარკირების ადგილებით სარგებლობის ვადის ამოწურვის შესახებ წინასწარ სატელეფონო შეტყობინებას არ უგზავნის.

"პირდაპირ საჯარიმო ქვითარს გახვედრებენ საქარე მინაზე. ალბათ, არ აწყობთ გააფრთხილონ, ან გაახსენონ მოქალაქეებს, რადგან ასე მეტ ჯარიმას ამოწერენ. მართალია ჩვენც უნდა გვახსოვდეს თუ როდის გვეწურება აბონემენტის ვადა, მაგრამ კომპანია ვალდებულია სმს შეტყობინებებიც გააგზავნოს",  - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი, რომელიც აცხადებს, რომ შეტყობინების გარეშე დააჯარიმეს.

"იქნებ ასე მაინც მივაწვდინოთ ხმა იმათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს დრო ჯარიმას გადაურჩეს," - აღნიშნავენ ადგილობრივები.

შპს "პარკინგსერვისში" ირწმუნებიან, რომ აბონენტებს პარკირების ადგილებზე ვადის ამოწურვის თაობაზე ინფორმაციას რამდენიმე დღით ადრე აწვდიან. 

"თუ ერთწლიანია აბონემენტი, მაშინ სამი დღით ადრე ეგზავნებათ შეტყობინება ჩვენს ბაზაში დაფიქსირებულ მომხმარებლებს," - აცხადებენ კომპანიის ადმინისტრაციაში.

თუმცა ამ დრომდე არა აქვთ დათვლილი, თუ რამდენ აბონენტს გადაუგზავნეს წინასწარი შეტყობინება, ვადის ამოწურვის თაობაზე.

კომპანიაში იმასაც აცხადებენ, რომ მათ ბაზაში საკონტაქტო ნომერი აბონენტების მხოლოდ 32%-ს აქვს მითითებული.

"შეტყობინება რომ არ ეგზავნება, ეს იმის ბრალია, რომ დარეგისტრირების დროს თავად არ წერენ მობილურის ნომრებს," - განმარტავენ "პარკინგსერვისში."

სამაგიეროდ კომპანიაში ასახელებენ ალტერნატიულ გზას. "პარკინგსერვისში" კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიუთითებენ parkingservice.ge,  სადაც დაინტერესებულ ნებისმიერ პირს საკუთარი ავტომობილის ნომრისა და სერიის მიხედვით შუძლია გადაამოწმოს, თუ როდის ეწურება აბონემენტის მოქმედების ვადა.

შპს "პარკინგსერვისმა" გასული წლის განმავლობაში ქუთაისში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 67 544 ოქმი გასცა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი უმეტესობა ავტომანქანის არასწორი დგომისა და აბონემენტის გარეშე პარკირებისთვის გაიცა.

ორივე შემთხვევაში, ჯარიმის ღირებულება 10 ლარს შეადგენს, რომელიც ოქმის გამოწერიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაიფაროს.

"პარკინგსერვისი" ქუთაისის მერიის საკუთრებაა. ქალაქის ტერიტორიაზე პარკირებისთვის 274 ადგილია განსაზღვრული. აქედან - 147 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეცადგილი გახლავთ.


Print