ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემა მათ გამოცხადებაზე იქნება დამოკიდებული
FaceBook
წერეთლის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემა გამოცხადების აღრიცხვის ტაბელის შედეგად მოხდება.

ამის შესახებ „ქუთაისიპოსტთან“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე საუბრობს.

სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს აღრიცხავენ, შემდეგ კი ამ ტაბელს ხელფასის შედარებისთვის ბუღალტერიას გადასცემენ.

"ამას აქამდეც ვაკეთებდით, ოღონდ ახლა ორგანიზებული სახე მიეცემა. აკადემიურზე ადრეც ხდებოდა და ხდება შემოწმება. ახალი რეგულაცია უფრო დამხმარე ადმინისტრაციას შეეხება", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე.

მისივე განმარტებით, თუკი თანამშრომელი არასაპატიო მიზეზით აცდენს სამსახურს, რეაგირება შინაგანაწესით განსაზღვრული ღონისძიებებით მოხდება.

"ჯერ გაფრთხილება იქნება, შემდეგ შენიშვნის მიცემა და საერთოდ თუ არ დადის სამსახურში, შესაბამისი რეაგირება მოყვება", - ამბობს კახა კუპატაძე.

აღნიშნულ ინიციატივას მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ.

უმაღლესი დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, უნივერსიტეტში ისედაც მიზერული ხელფასები გაიცემა, თანამშრომლების უმეტესობა კი შეთავსებით მეორე სამსახურში მუშაობს. მათი თქმით, ახალი წესი მათ ისედაც რთულ ეკონომიკურ ცხოვრებას დაამძიმებს.

"უმჯობესი იქნებოდა უნივერსიტეტს ჯერ ღირსეული ხელფასების გაცემაზე ეზრუნა. დაბალი ხელფასების გამო უმეტესი ჩვენგანი იძულებულია მეორე სამსახურშიც იმუშაოს. ახალი წესით, არ ვიცი როგორ შევძლებთ თავის გატანას", - ამბობს დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი.
Print