ახალი ამბები
ლაშა გვენეტაძის ადვოკატი: გადაწყვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მეგობრისთვის პატიმრობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს.
ბრალდებულების ადვოკატის გიორგი დვალიშვილის განცხადებით, საჩივარს სასამართლოში 48 საათის განმავლობაში წარადგენენ.

"პროკურორ ნათია კიკვაძის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც სასამართლომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს პატიმრობა შეუფარდა, არის უსაფუძვლო. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას და გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. ყველა დეტალს ჩავყვებით ბოლომდე", – განაცხადა გიორგი დვალიშვილმა.

ლაშა გვენეტაძეს, შოთა გვენეტაძესა და შიო ჯანელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს შეუფარდა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, ლაშა და შოთა გვენეტაძეების მამის საფლავის გაქურდვის ფაქტს, რომლის დროსაც, საფლავიდან ბრინჯაოს ბარელიეფი მოიპარეს.

გამოძიების ინფორმაციით, როდესაც ძმებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს, იმის ნაცვლად, რომ ფაქტი პოლიციისთვის შეეტყობინებიათ, თავად გადაწყვიტეს მომხდარში გარკვევა და მათი ვარაუდით, ქურდობაში ბრალდებულ პირს მ.დ.–ს იარაღის მუქარით ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოყჰვა. თავად ქურდობის ფაქტზე კი დაწყებულია ძიება, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა, რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ 7-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძეს, სამსახურეობრვი უფლებამოსილება შეუჩერდება.

ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში.

უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.


Print