ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუჩერდება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძეს მიმართ სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, მას სამსახურეობრვი უფლებამოსილება შეუჩერდება.

ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში.

უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით.

"ხოლო მარეაბილიტირებელი საფუძვლით, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში: მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს აღუდგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება და საკრებულოს თანამდებობის პირს მიეცემა განაცდური ხელფასი," - განმარტავენ საკრებულოში.

ცემის ფაქტზე ბრალდებული ქუთაისელი დეპუტატის ლაშა გვენეტაძის, მისი ძმისა და მათი მეგობრის  სასამართლო პროცესი, საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

საკრებულოს წევრის საქმეს მოსამართლე გიორგი ქაშაკიშვილი განიხილავს. ბრალდებულების ადვოკატის, გიორგი დვალიშვილის განმარტებით, ის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ლაშა გვენეტაძეს, ძმასთან და მეგობართან ერთად ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით წარედგინა. რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნული მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა გვენეტაძემ ძმასთან და მეგობართა ერთად პირი მამის საფლავის გაძარცვის გამო სცემეს, რასაც პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება მოჰყვა.

სასამართლოს პროცესს ბრალდებულებიც ესწრებიან.
Print