ახალი ამბები
ადგილზე, სადაც წულაიამ "ითევზავა" გზის შეკეთება დაიწყეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე, სადაც "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გოგი წულაიამ "ითევზავა" გზის შეკეთება დაიწყეს.

ადგილზე მყოფი მუშების თქმით, ტერიტორიაზე გზის ორმოული სამუშაოები 8 თებერვალს, ღამით დაიწყო.

"ორი დღეა დავიწყეთ ქალაქის მასშტაბით გზის ორმოული შეკეთება. გუშინ წითელ ხიდზე არსებული გზის საფარი გავაკეთეთ. როდის დავასრულებთ არ ვიცით, ამინდზე ვართ დამოკიდებული," - ამბობენ მუშები.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე ღვარსადენის შეკეთების დროს დაზიანებული გზის ნაწილის ორმოულ შეკეთებას ახორციელებენ.

"ასათიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას წალმომარაგების კომპანია ასრულებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაციას ვახდენთ,"- ამბობენ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.




ასათიანის ქუჩაზე დაზიანებული გზა გოგი წულაიამ პერფომანსით, 6 თებერვალს გააპროტესტა. მან გზაზე დაგროვილ წყალში "ითევზავა".



"მინდა ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი ეზოები მოაწყო, გააშენეს და იჭერენ თევზებს, ხალხი გახარებულია, კიდევ ვთხოვთ ხელისუფლებას აუზები დაგვიმატოს. "კანეცი" ამის არის იცით რა? ვაი ჩვენს პატრონს! ამას მხოლოდ იუმორით თუ შეხედავს ადამიანი," – განმარტა გოგი წულაიამ.

ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ გზების ორმოულ შეკეთებას ამინდის გამოსვლისთანავე დაიწყებდნენ.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ქალაქის ქუჩების სავალი ნაწილის "ორმოული" შეკეთებისთვის სახელმწიფო შესყიდვა გასული წლის 19 იანვარს გამოაცხადა.

539 900 ლარის ღირებულების ტენდერი შპს "დაგი +" მა პრეტედენტების გარეშე მოიგო.

ელექტრონული შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.
Print