ახალი ამბები
„მომავლის თაობის“ ინიციატივები დაფინანსების პერსპექტივით
FaceBook
იმერეთში 27 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მათ ქალაქსა თუ სოფელში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა ეძლევა.

პროექტის „მომავლის თაობის“ ფარგლებში,"ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" ორგანიზებით გამართულ ფორუმზე, სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი საპროექტო ინციატივები წარმოადგინეს.

სასკოლო ბიბლიოთეკები სამტრედიის ყველა სკოლაში, მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა, ბავშვთა უფლებების დაცვის საინფორმაციო პროგრამის შემუშავება –  სკოლის მოსწავლეებმა პოტენციურ ფინანურ მხარდამჭერებს ეს და სხვა იდეები შესთავაზეს.

"ჩვენი რაიონის სკოლების დიდ ნაწილში ან საერთოდ არ არის ბიბლიოთეკა, ან საჭირო წიგნადი ფონდი არ გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ მათ, ვისაც შეუძლია ამაში დამხმარება, მივაწოდოთ იდეები ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე",– განაცხადეს სამტრედიის სოფელ გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაციაზე.

"მართალია ყველა პროექტი ალბათ ვერ მიიღებს მხარდაჭერას, მაგრამ ეს იქნება მათთვის სტიმული, რომ შემდგომში უფრო დახვეწონ თავიანთი იდეები და შესთავაზონ მათ, ვისაც მსგავს პრობლემებზე რეაგირება შეუძლია",–განაცხადა "ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" ხელძღვანელმა, ლიკა კილაძემ.

პროეტქის პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებმა იდეები ფასილიტატორებთან ერთად წარმოადგინეს, ფინანსური მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში კი მათ პროექტების განხორციელების დეტალური გეგმის შემუშავება მოუწევთ.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენ პროექტს პროექტს დააფინანსებს ორგანიზაცია და იქნება მათი ბიუჯეტი. 

ფორუმზე მოწვეული იყვნენ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

Print