ახალი ამბები
სანქციები, რომლებიც სავიზო რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეებისთვის გატარდება
FaceBook
შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას დეპორტაცია და ჯარიმები მოჰყვება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება საქართველოში დაბრუნებას.

გარდა ამისა, მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით.

"შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები, ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე", - განმარტავენ უწყებაში.
შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლის დროს საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან წესები: შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები და საზოგადოებრივი წესრიგი.

ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება გაძევებას ან დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართველებმა აუცილებელია გააცნობიერონ ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას მოჰყვეს.

როგორც უწყებაში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, თუ როდიდან იქნება თავისუფალი მიმოსვლა შენგენის ზონის ტერიტორიაზე, ზუსტი, კონკრეტული თარიღის დასახელება შეუძლებელია.

"მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭოში რეგულაციას მოეწერება ხელი და გამოქვეყნდება, აქედან 20 დღეში შევა ძალაში უვიზო მიმოსვლა, ამიტომაც ზუსტი თარიღს ვერ ვასახელებთ," - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს მთავრობის ვარაუდით, უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში მარტის ბოლოდან შევა.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს.

შენგენის ზონა ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა.


Print