ახალი ამბები
ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა
FaceBook
ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა, თუმცა რჩება კიდევ რამდენიმე პროცედურა.

პროცედურების თანახმად, ევროპარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ჟურნალში. ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში მყარდება.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

საქართველოს მთავრობის ვარაუდით უვიზო რეჟიმი საბოლოოდ ძალაში აპრილის დასაწყისიდან შევა.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს.

შენგენის ზონა ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს.

წევრი ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით.
ამასთანავე, მათ შეუძლიათ გამოიყენონ 90 დღე ერთმანეთზე მიყოლებით ან ჯამში 90 დღე.
Print