ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალი“ დეპუტატები ფრაქციას შლიან
FaceBook
"გადავწყვიტეთ დავშალოთ ფრაქცია"– ასე ეხმაურება ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, გია უკლება  ამავე პარტიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
უკლებამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ფრაქციის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ფრაქციის 4 წევრიდან ორმა, რომლებმაც პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს, ქუთაისის საკრებულოში ამავე ფრაქციიდან გასვლაზე უარს აცხადებენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტიაში დარჩენილებმა თავად გადაწყვიტეს ფრაქციის დაშლა.

"პარტიიდან გასულები, მერკანტილური ინტერესების გამო, არ აპირებდნენ ფრაქციიდან გასვლას, ამასთან, გვიყენებდნენ ულტიმატუმს, შეცვლილიყო ფრაქციის სახელწოდება. ამიტომ, მე და ბესო ბრეგაძემ, გადავწყვიტეთ, დავშალოთ ფრაქცია, რადგან ფრაქციის წევრები უნდა იყვნენ იდეალისტები და არა ბენეფიციარები",–წერს გია უკლება სოციალურ ქსელში.

პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა დავით გოგისვანიძემ და ამირან ძოწენიძემ, მიმდინარე წლის 12 იანვარს დატოვეს, თუმცა, ისინი ოფიციალურად ამ დრომდე არიან საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.მათ შორის დავით გოგისვანიძე ფრაქციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარეა.

საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატებმა ყოფილ თანაპარტიელებს ფრაქციის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს და განაცხადეს, რომ პარტიას გამიჯნულები ფრაქციის სახელით ხელფასს იღებდნენ, რაც უსამართლო იყო.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გია თევდორაძემ და რამდენიმე წევრმა დატოვა. 

ყოფილმა "ნაციონალებმა" ახალი პოლიტიკური პარტია სახელწოდებით "მოძრაობა თავისუფლებისთვის–ევროპული საქართველო" დააფუძნეს. 


Print