ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიას ყოფილმა თანამშრომელმა უზენაეს სასამართლოში მოუგო
FaceBook
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში რეორგანიზაციის შედეგად განთავისუფლებული თანამშრომელი თანამდებობაზე აღდგენას ელოდება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქეთი კიკვიძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის - ცენტრს უზენაეს სასამართლო დავა მიმდინარე წლის 27 იანვარს მოუგო.

კიკვიძე კომპანიას სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდა.

"ყველა ფსევდორეორგანიზაციის შედეგად განთავისუფლებულ თანამშრომელს მივმართავ, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს და სასამართლო ჯერ კიდევ იცავს მოქალაქეების ინტერესებს, ასე, რომ სამართალმა პური ჭამა," - აცხადებს ქეთი კიკვიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

გაერთიანებული წყალმომარაგების ქუთაისის სერვის ცენტრის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან 2015 წელს რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ქეთი კიკვიძემ სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა 2015 წელსვე მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების კომპანიას ქუთაისის სერვისცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა დაევალა. ასევე, დაეკისრა, კიკვიძის გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე, განაცდურის ანაზღაურება. 

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციოში გაასაჩივრა, რომელმაც შეცვალა საქალაქოს გადაწყვეტილება კიკვიძის საწინააღმდეგოდ. 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კი კომპანიას კიკვიძის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა და განაცდურის სრულად გადახდა დაევალა.

"საქართველოს გაერთიანებულ კომპანიაში" აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებებს მას შემდეგ მიიღებენ, რაც უზენაესი სასამართლოს განაჩენს ოფიციალურად მიიღებენ.

"კომპანიაც, კანონის შესაბამისად, ამის შემდგომ იმოქმედებს," - აცხადებენ კომპანიის პრესცენტრში.
Print