ახალი ამბები
"წითელი ხიდი ერთ დღესაც ჩაინგრევა" - მოსახლეობა კონტროლს ითხოვს
FaceBook
ქუთაისელები წითელ ხიდზე დაწესებული საავტომობილო მოძრაობის გაკონტროლებას ითხოვენ.

ადგილობრივი  მოსახლეობის თქმით, საღამოს სააღებში მძროლები ხიდზე ცალმხრივი მოძრაობის წესებს არ ემორჩილებიან.

"სულ გადარბიან ამ ხიდზე, უფრო ღამის საათებში და არცერთხელ არ დამინახავს, ვინმე დაეჯარიმებიათ,  აუცილებელია ამას ყურადღება მიექცეს," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები კაკო ფესტვენიძე.

ადგილობრივების თქმითვე, მოძრაობის წესების დარღვევით, ხიდზე არსებული ამორტიზებული გზის საფარი კიდევ უფრო ზიანდება.

"ამ ხიდს პატრონი არ ყავს, მაგრამ არც მოქალაქეები უფრთხილდებიან. როგორც კი დაინახავენ, რომ პატრული არ აკონტროლებს ტერიტორიას, მოძრაობის წესებს არღვევენ," - ამბობს მძღოლი თემურ ნინუა.

"ყველა ხიდს თავისი გამავლობა აქვს განსაზღვრული, ასე თუ გაგრძელდება წითელი ხიდი ერთ დღესაც ჩაინგრევა," - ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა. 

ქუთაისში წითელ ხიდზე ცალმხრივი მოძრაობა მოქმედებს და რუსთაველის ქუჩიდან მასზე მხოლოდ საქალაქო სატრანსპორტო ხაზებზე დასაქმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან.

ხიდზე გზის საფარი ამ დრომდე ამორტიზებულია, რაც ქუთაისელების მწვავე კრიტიკის საგანია.  მოსახლეობა მის დროულ რეაბილიტაციას ითხოვს.

ადგილობრვი თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამინდის გამოსვლისთანავე დაიწყებენ, ხოლო მასზე მოძრაობის კონტროლი არ ეხებათ.

"ხიდი რკინის კონსტრუქციისაა და გამძლეა, მისი ჩანგრევის საშიშროება არ არსებობს," - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადგილობრივების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე აცხადებენ, რომ წითელი ხიდი ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე განთავსებული, რომელსაც საპარულო ეკიპაჟი მუდმივად აკონტროლებს. 

"თუ ვინმე დაარღვევს მოძრაობის წესებს, სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ" - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

წითელი ხიდი 155 წლის ისტორიას ითვლის და ის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.








Print