ახალი ამბები
ჭომის დასახლებაში ამორტიზებული ელექტროგადამცემი ბოძების დემონტაჟს ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ჭომის დასახლებაში მცხოვრებლები ძველი ელექტროგადამცემი ბოძების დემონტაჟს ითხოვენ.

ლესელიძის ქუჩის მე-5 შესახვევის მოსახლეობა განმარტავს, რომ ამორტიზებული ხის ბოძები მათ საფრთხეს უქმნით.

"ყოველ წუთს არის საშიშროება, რომ ეს ძველი ბოძები წაიქცევა და უბედურება მოხდება, ასეთივე მდგომარეობაა ყველა სახლთან," - ამბობენ ადგილობრივები.

მათი თქმით, ხის ელექტროგადამცემი ბოძების გვერდით, ახალი მეტალის ბოძები უკვე დამონტაჟებულია, თუმცა მასზე ამ დრომდე ელექტროქსელის გადატანა არ მომხდარა.

"აუცილებელია, დროულად მოხდეს ახალ ბოძებზე გადაქსელვა," - ამბობენ ადგილობრივები.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით, ჭომაში, ლესელიძის ქუჩაზე ახალ ელექტროგადამცემ ბოძებზე გადაქსელვა გაკეთებულია.

"ლესელიძის ქუჩაზე, მე-5 შესახვევში, კომპანიამ დაამონტაჟა ახალი რკინა-ბეტონის საყრდენები, რომლებზეც უკვე გადატანილია ელექტროსადენები. ძველ ხის საყრდენებზე ელექტროხაზები დარჩენილი არ არის, მაგრამ მათზე ამ მომენტისთვის კვლავ გადის კავშირგაბმულობის კაბელები. სანამ შესაბამისი სამსახური თავის ქსელს ძველი საყრდენებიდან არ გადაიტანს, კომპანია ვერ უკეთებს დემონტაჟს ძველ საყრდენებს," - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალში.

მათივე ცნობით, კავშირგაბმულობის სამსახურს კომპანია წერილობით აცნობებს ამის შესახებ და მათი რეაგირებისთანავე ლესელიძის მე-5 შესახვევში მოხდება სადენების გატანა ძველიდან ახალ ელექტროგადამცემი ბოძებზე.





Print