ახალი ამბები
ყოფილმა "ნაციონალებმა" ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გამართეს.

ენმ-ს გამიჯნულებმა პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის–ევროპული საქართველო" დააფუძნეს.

პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობას, ყრილობის ჩატარებამდე, გიგი უგულავა შეასრულებს.

ყრილობა კი, სავარაუდოდ, აპრილის თვეში გაიმართება.

"ჩვენი მოძრაობა არის ძლიერი, თავზეხელაღებული ადამიანების მოძრაობა, რომელიც მშვიდად ჩაანაცვლებს ამ უნიათო ხელისუფლებას. თავისუფლებისთვის მოძრაობა ნიშნავს მოძრაობას ევროპისთვის, რომელიც არის სიმბოლო ამ თავისუფლების", – განაცხადა გიგი უგულავამ პარტიის პრეზენტაციაზე.

ყოფილმა "ნაციონალებმა" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსეს.

"ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს და "ევროპულ საქართველოს" შეურთდნენ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები: დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძე, თუმცა, მათ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუტოვებიათ.

ყოფილმა "ნაციონალებმა" პარტიიდან გამიჯვნის შესახებ მიმდინარე წლის 12 იანვარს  განაცხადეს.




Print