ახალი ამბები
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება იმერეთში
FaceBook
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ორდღიანი ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

ინტენსიური თოვისა და ზვავსშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის კმ20-კმ34 და კმ38-კმ72 აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ნაქერალას უღელტეხილზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ4-კმ29 (თერჯოლა-ტყიბული) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე.

ამავე გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

რაც შეეხება ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთს, აქ მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ, ასევე დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.


Print