ახალი ამბები
ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს ნორვეგიული კომპანია განახორციელებს
FaceBook
CLEAN ENERGY GROUP GEORGIA – ეს ნორვეგიული კომპანიაა, რომელიც ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ავრცელებს. უწყებამ ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობისთვის 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა.

მასში მონაწილეობა 26–მა კომპანიამ მიიღო. მათგან, გასული წლის ივლისში, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" სამი პრეტენდენტი – შპს "ჯენერალ დეველოპმენტი", "POWERCHINA RESOURCES" LTD და "CLEAN ENERGY GROUP GEORGIA" LLC შეარჩია.

თითოეულმა მათგანმა თავიანთი წინადადებები წარმოადგინა.

ფონდი იუწყება, რომ ინვერსტორთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, პრეტენდენტების წერმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და გამარჯვებულად CLEAN ENERGY GROUP GEORGIA დაასახელა.

"ამჟამად, იმპლემენტაციის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს,"– აცხადებენ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში".

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდ. რიონზე ხორციელდება.

კომპანია ENERGY GROUP GEORGIA–ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტის დაწყების თარიღად კომპანიის ვებ–გვერდზე 2018 წელია მითითებული.

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის წინასწარი ღირებულება 730 მლნ დოლარს შეადგენს.

კომპანია ENERGY GROUP GEORGIA–მ საქართველოში 187 მეგავატიანი შუახევის ჰესის პროექტი უკვე განახორციელა.




Print