ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო 800–მდე გასხვისებული ქონების კანონიერების საკითხზე ანგარიშს მოისმენს
FaceBook

თვითმმართველობის მიერ 2007–2014 წლებში 800–მდე გასხვისებული ქონების კანონიერების შესახებ, ქუთაისის საკრებულოს დეპუატეტები ანგარიშს  მიმდინარე წლის 25 იანვრის სხდომაზე მოისმენს.



საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი 9 თვიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

ცნობილია, რომ დასკვნაში არ მოხვდა ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე კაფე–ბარ "არგოს" მშენებლობის საკითხი, რომლის შესწავლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა ლატარიამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ჯგუფის შემადგენლობა დატოვა.

დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გია ქობალიანის თქმით, "არგო" განსახილველ საქმეთა შორის იმის გამო არ მოხვდა, რომ მას უკვე პროკურატურა სწავლობს.

"არგოს" თემა ზოგჯერ სპეკულაციურ ხასიათს იღებდა. საკრებულომ გაცვალა ეს ტერიტორია "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ იქ რამე უსახური არ აშენებულიყო. გარდა ამისა, ეს საკითხი პროკურატურაში უკვე დევს და გამოდის, რომ ჩვენ არ ვენდობით პროკურატურას",–აცხადებს გია ქობალიანი.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი სწავლობს ე.წ. "იბერიის ვარსკვლავის" საქმეს, რომელსაც, ასევე, პროკურატურა იძიებს.

ქუთაისის საკრებულოს დროებითმა სამუშაო ჯგუფმა საკრებულოს დეპუტატებს ანგარიში სულ 797 საქმეზე უნდა წარუდგინოს.

გია ქობალიანი განმარტავს, რომ ქალაქში ყველაზე დიდი რაოდენობით მიწა და შენობა–ნაგებობა 2008 წელს (229 ობიექტი და მიწის ნაკვეთი) და 2013 წელს (188 ობიექტი და მიწის ნაკვეთი) გაიყიდა.

მისივე თქმით, საქმეების ნაწილი, რომლებშიც დარღვევები იკვეთება, შესაბამის ორგანოებს გადაეცემა, თუმცა, რამდენია და კონკრეტულად რა საქმეები იწვევს კანონდარღვევის შესახებ ეჭვს, უცნობია.

დროებითი სამუშაო ჯგუფი ქუთაისის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის, ნატო ქათამაძის ინიციატივით, გასული წლის 27 აპრილს შეიქმნა.

თუმცა, მას შემდეგ რაც ხელმძღვანელად არ დანიშნეს, მან ჯგუფს უნდობლობა გამოუცხადა.

ჯგუფის წევრები ოპოზიციური პარტიებიდა, "ნაციონალი" გია უკლება და "ლეიბორისტი" სამსონ გუგავა, მის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებდნენ.



 

Print