ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ოთხი საქალაქო მიკროავტობუსის მძღოლი დააჯარიმა
FaceBook
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებამ, სამუშაო გრაფიკის დარღვევის გამო, #48 სამარშრუტო ხაზზე დასაქმებული მძღოლები დააჯარიმა.

განყოფილების უფროსის, ირაკლი ცხვედიანის თქმით, ორ მძღოლს, რომლებმაც ხაზი თვითნებურად მიატოვეს, ჯარიმის სახით 100–100 ლარის გადახდა მოუწევთ.

გარდა ამისა, სხვა დარღვევის გამო, ამავე ხაზზე მოძრავი კიდევ ორი მიკროავტობუსის მძღოლი, ასევე, 100-100 ლარით დაჯარიმდა.

"საღამოს 3 მორიგე მიკროავტობუსს უნდა ემუშავა. ერთი დაზიანებული იყო და მე მაცნობეს ამის შესახებ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ მიატოვეს ხაზი, რის გამოც 100–100 ლარით დაჯარიმდებიან. ასევე, გარკვეული დარღვევები გამოვლინდა ორი მიკროავტობუსის შემთხვევაშიც. საერთო ჯამში 4 მძღოლი დაჯარიმდა", – განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.

#48 მიკროავტობუსის მგზავრები, ხაზზე დასაქმებული მძღოლების მიერ გრაფიკის სისტემატურ დაღვევაზე საუბრობენ.

მათი თქმით, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და საღამოს საათებში, მძღოლები სამუშაო გრაფიკს თვითნებურად ცვლიან.

ქუთაისში #48 მიკროავტობუსი წითელი ხიდიდან სულხან საბას ქუჩის ე.წ ავანგარდის დასახლების მიმართულებით გადაადგილდება.

Print