ახალი ამბები
გადავადებული "ახალგაზრდული ინიციატივები" ქუთაისის მერიაში
FaceBook
ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ, გასულ წელს გამოცხადებული "ახალგაზრდული ინიციატივების" პროექტი, 2017 წლის გაზაფხულამდე გადაიდო.
ის ჯერ კიდევ 2016 წლის დასასრულს უნდა განხორციელებულიყო.

"ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება ქუთაისის მერიაში 2016 წლის 8 აგვისტოს დაიწყო.

"არაფორმალური განათლება ახალგაზრდებისთვის" (ორგანიზაცია "საათი"), "ერთად შევუწყოთ ხელი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას" (არასამთავრობო ორგანიზაცია "მოწყალება"),
"მასწავლე როგორ გავხდე მწერალი" (მარიტა ტყეშელაშვილი), "სასკოლო რადიო" (გურამ მარდალეიშვილი), "ჩრდილების თეატრის წარმოდგენები გენდერული თანასწორობის პროპაგანდისთვის" (ფონდი "სოხუმი") – ეს ის პროექტებია, რომლებიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ კონკურსის შედეგად შეარჩია.

საკონკურსო პირობების თანახმად, თითოეული მათგანის ხანგრძლივობა არ უნდა ყოფილიყო ერთ თვეზე მეტი და 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელებულიყო.

შერჩეულ მონაწილეს პროექტის განხორციელებისთვის მაქსიმუმ 2500 ლარი გადაეცემოდა.

კონკურსის ერთ–ერთ პირობას გამარჯვებულისთვის, პროექტის შედგენისთვის, მისი ბიუჯეტის 10%–ის (მაქსიმუმ 250 ლარი) გადაცემაც წარმოადგენდა,  თუმცა, როგორც ირკვევა, კონკურსანტებს ამ დრომდე ეს თანხა არ მიუღიათ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი სატენდერო წინადადებების მომზადების გამო გაჭიანურდა, მონაწილეთა ინფორმაციით კი, ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა.

ფონდში " სოხუმი", რომელიც მერიის მიერ გამოცხადებული კონურსის ერთ–ერთი გამარჯვებულია, თავდაპირველად განაცხადეს, რომ პროექტის განხორციელება ბიუჯეტში თანხის არარსებობის გამო გადაიდო და ეს ინფორმაცია მათ მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, თამარ ნიკოლეიშვილმა პირადად მიაწოდა. მოგვიანებით კი, არასამათვრობო ორგანიზაციაში ინფორმაცია უარყვეს და განმარტეს, რომ მათთვის პროექტის გადავადების მიზეზი უცნობია. ამასთანავე, ფონდში ადასტურებენ, რომ პროექტის შედგენისთვის გათვალისწინებული თანხა ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ.

რატომ გაჭიანურდა "ახალგაზრდული ინიციატივების" განხორციელება, ამაზე ინფორმაცია არც მარიტა ტყეშელაშვილს აქვს, რომელმაც კონკურსში პროექტი სახელწოდებით "მასწავლე როგორ გავხდე მწერალი" წარმოადგინა.

"რატომ გადაიდო მიზეზები არ ვიცი. რაც შეეხება 10%–ს , როგორც ვიცი, ჯერ არავისთვის ჩაურიცხიათ და მათ შორის, არც ჩემთვის. ამ დღეებში უნდა ჩაირიცხოს, სავარაუდოდ",–ამბობს მარიტა ტყეშელაშვილი.

ქუთაისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში, ასევე  ადასტურებენ, რომ კონკურსის მონაწილეებს პროექტის საერთო ღირებულების 10% ამ დრომდე არ მიუღიათ.

განყოფილების უფროსი, თამარ ნიკოლეიშვილი მომხდარს 2016 წლის მიწურულს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით ხსნის. რაც შეეხება პროექტის გაზაფხულამდე გადავადებას, ის შეფერხების მიზეზად საჭირო თანხის არარსებობას გამორიცხავს.

"გარკვეული მიზეზები იყო, რის გამოც არ ჩაირიცხა ის 10%. ჯერ წლის ბოლო იყო და ცვლილებები გვქონდა ბიუჯეტში, თუმცა, მე დავუკავშირდი მათ, ვისი საბანკო რეკვიზიტებიც არ მქონდა და ახლა ჩაერიცხება ყველას. რაც შეეხება პროექტის გადავადებას, სატენდერო წინადადებების მომზადებას დასჭირდა გარკვეული დრო და იმის გამო, რომ ფორსმაჟორში არ გაგვეკეთებია პროექტი, გადავწყვიტეთ გაზაფხულზე გადაგვეტანა",–ამბობს თამარ ნიკოლეიშვილი.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ყველა გამარჯვებულ პროექტზე ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდება, მათი განხორციელება კი 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყება.


Print