ახალი ამბები
ქუთაისში მცირეწლოვანი პაციენტი გარდაიცვალა - ახლობლები ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ
FaceBook
ქუთაისში კლინიკაში "მედიქალსიტი" რამდენიმე დღის წინ მცირეწლოვანი პაციენტი გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, გარდაცვლილის ახლობლები შენობაში შეიჭრნენ და ინფექციონისტ გიორგი შეყილაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ, ასევე, დააზიანეს კლინიკის კუთვნილი ტექნიკა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ ქუთაისიპოსტს განუცხადა, ვითარების განსამუხტად, მათ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

კლინიკის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ პაციენტის ახლობლების მიერ ექიმზე თავდასხმა კლინიკის სათვალთავლო კამერებმაც დააფიქსირეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

ინფექციონისტი გიორგი შეყილაძე ქუთაისიპოსტთან მომხდარი ფაქტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ მან პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.

"რეანიმაციულ განყოფიელბაში მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ პაციენტის გადასარჩენად, მაგრამ მოულოდნელად დამძიმდა მისი მდგომარეობა. სხვას ვერაფერს გეტყვით", – ამბობს გიორგი შეყილაძე.

"მედიქალსიტის" დირექტორი გია გრძელიძე ამბობს, რომ ექიმის ან კლინიკის ბრალეულობის საკითხი კანონით უნდა დადგინდეს.

"ოჯახს ვუხდით ბოდიშს, რომ ბავშვი ვერ გადავარჩინეთ, იმიტომ კი არა, რომ რამეში დამნაშავე ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე–17–ე საუკუნეში ვართ. თუ ექიმმა დააშავა ან კლინიკამ დააშავა, ეს უნდა დაადგინოს კანონმა. მე არ მინდა ნაცემი ექიმის მენეჯერი ვიყო", – ამბობს გია გრძელიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "მედიქალსიტის" ექიმის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ინფექციონისტ გიორგი შეყილაძის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ქუთაისის შსს პოლიციის მე–2 განყოფილება იძიებს.

რაც შეეხება გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს, წყაროს ინფორმაციით, ისინი სამეგრელოს ერთ–ერთი სოფლიდან არიან. თუმცა, დამატებითი დეტალები ქუთაისიპოსტმა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოიპოვა.

"მედიქალსითის" ადმინისტრაცია და სამართალდამცავები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.




Print