ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრში სადადგმო ხარჯების საკითხი თვის ბოლოს გახდება ცნობილი
FaceBook
ქუთაისის თოჯინების თეატრში წლის განმავლობაში ოთხი პრემიერის განხორციელებას გეგმავენ.

თუმცა, ჯერჯერობით, სადადგმო ხარჯების შესახებ საკითხი გარკვეული არაა. აღნიშნულზე პასუხი თეატრს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან, იანვრის ბოლოს ექნება.

"თუმცა, იქნება თუ არა დაფინანსება, თეატრმა უნდა დადგას სპექტაკლები. რამდენიც იქნება ფინანსური საშუალება, დაიდგმება იმდენი", - აღნიშნავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან გაბრიჭიძე.

თეატრში აცხადებენ, რომ მოლაპარაკება აქვთ რეჟისორ ნიკა საბაშვილთან, რომელიც მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისა და დაფინანსების არსებობის შემთხვევაში "ჩხიკვთა ქორწილის" დადგმას განახორციელებს.

თეატრში სხვა ქვეყნების თეატრებთან ახალ კავშირებზეც საუბრობენ. გასულ წელს ქუთაისის თოჯინების თეატრი, ქართულ-აზერბაიჯანული ცენტრის მიწვევით, ბაქოში იმყოფებოდა.

"ქუთაისის თოჯინების თეატრს თავისი არსებობის მანძილზე პირველად ჰქონდა გასტროლი საზღვარგარეთ. გაჩნდა კავშირები ბაქოს თოჯინების თეატრთან, რაც კარგი ნაბიჯია მომავალი ურთიერთობისთვის,"- ამბობს თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი.

როგორც თეატრში მიუთითებენ, აზერბაიჯანში გასტროლები ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.





Print