ახალი ამბები
შსს – პირი, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არაა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის საცხოვრებელი სახლიდან კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის.


თავად გიორგი ჯახუა კი აცხადებს, რომ ის სალხინოს მამათა მონასტრის დიაკონია, თუმცა ორი წელია მღვდელმსახურებას არ ეწევა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სახლში ვარ ჩაწოლილი. 2010 წელს, მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს, აღდომის მარხვაში, ხელი დამასხეს წმნიდა გიორგის სახელობის ტაძარში, სენაკის რაიონში", - ამბობს გიორგი ჯახუა.

ქუთაისიპოსტი სალხინოს მამათა მონასტერს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ გიორგი ჯახუა 2010 წლამდე, ერთი წლის განმავლობაში მონასტერში მღვდელმსახურებას ასრულებდა.

გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე, კანაფი მიმდინარე წლის 17 იანვარს, ღამის საათებში ამოიღეს.

გიორგი ჯახუა ირწმუნება, რომ კანაფს სამკურნალოდ იყენებს.

"C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ", – ამბობს ის.

მისი თქმით, პოლიციელებმა შენახული კანაფის წინ დააყენეს, ხელები გადახვიეს და "სელფის" გადაღება აიძულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯახუას სახლიდან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არაა.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.


Print