ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის ბიუჯეტი 10%-ით შემცირდა, რეკონსტრუქცია კი გადაიდო
FaceBook
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა მუშაობა სიახლეებით დაიწყო, რომელიც ბიუჯეტს და დაფინანსების წყაროს შეეხო.

მიმდინარე წლიდან ქალაქის სახელმწიფო თეატრები კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებასა და ფინანსურ პასუხისმგებლობაში გადავიდნენ.

ქუთაისის თოჯინების თეატრის ბიუჯეტი 10%-ით შემცირდა და 260 000–დან 240 000 ლარი გახდა, თუმცა როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, თანხების მოძიება მოხერხდა და დანაკლისი შეივსო.

"არც თანამშრომლები შემცირებულან და არც ხელფასი დაკლებიათ. ყველა ეს ადამიანი საჭიროა თეატრში. თანაც, დღევანდელ საბაზრო პირობებში რთული იქნებოდა კიდევ ხელფასის შემცირება, ამიტომ თანხები მოვიძიეთ და არავის არაფერი დაკლებია", - აღნიშნავს ქუთაისის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან გაბრიჭიძე.

თეატრში სადადგმო თანხების შესახებ ჯერ ინფორმაცია არა აქვთ.

"იანვრის ბოლოს ვართ სამინისტროში დაბარებული და იქ გაირკვევა ყველაფერი", - ამბობს ლევან გაბრიჭიძე.

თოჯინების თეატრში რემონტის დაწყებასაც ელოდებიან, რაზეც საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს იყო, თუმცა თანხების მოძიება არ მოხერხდა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ თოჯინების თეატრის რემონტისთვის თანხების გამოყოფის თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოთხოვნა გაგზავნილია და პასუხს ელოდებიან.

"მოლოდინის რეჟიმში ვართ", – აცხადებენ თოჯინების თეატრში.



Print