ახალი ამბები
იარაღი, რომელიც იმერეთის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ამოიღეს
FaceBook
იმერეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის კაბინეტიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ქარხნული წესით დამზადებული "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი, ქარხნული წესით დამზადებული "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის "აკაემის" სისტემის ავტომატი, ქარხნული წესით დამზადებული "კალაშნიკოვის" კონსტრუქციის "აკაესის" სისტემის ავტომატი, "მაკაროვის" კონსტრუქციის ორი პისტოლეტი, 18მმ კალიბრის "გლოკი", ქარხნული წესით დამზადებული ორლულიანი თოფი, რომელსაც თვითნაკეთი წესით ამოღებული აქვს ლულა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და რამდენიმე ასეული ვაზნა – ეს ის იარაღია, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული გიორგი კაჭარავას სამუშაო კაბინეტიდან ამოიღეს.

საქმის პროკურორის განცხადებით, რა მიზნით ინახებოდა იმერეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის სამუშაო კაბინეტში დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები, უცნობია და ამ გარემოების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იმერეთის კრიმინალური პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და მასთან ერთად სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელი ზურაბ ჭელიძე, სპეცოპერაციის შედეგად 2016 წლის 14 სექტემბერს, წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ჯ.ჯ.-ს საქმეზე მოწმის სახით დაბარებულ ბ.უ.-ს, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ გარკვეული რაოდენობის თანხა გამოსძალეს.

შსს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თერთმეტიდან თხუთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გიორგი კაჭარავას საქმეს, თბილისის პროკურატურა იძიებს.
Print