ახალი ამბები
ჭიათურაში სამგზავრო საბაგირო გზების რეაბილიტაცია დაიწყო
FaceBook
ჭიათურაში სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო.

პროექტს, საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ჭიათურაში სამგზავრო საბაგიროების რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს აღწევს, რაც საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება.

რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფრანგული კომპანია "პომაგალსკი" ახორციელებს.

საბაგირო გზის სიგრძე 3428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 8 გონდოლა იქნა შეძენილი.

ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ერთ ცენტრალურ სადგურს და მისგან გამავალ 3 მიმართულებას: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1081 მ) და ლეჟუბანი (845 მ).

პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს მეოთხე საბაგირო მიმართულება მუხაძეზე, რომელის სიგრძე 640 მეტრია.

სამშენებლო სამუშაოები ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დაათვალიერეს.

ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც ქალაქის მოსახლეობას 1954 წლიდან ემსახურება.

საბჭოთა კავშირში ეს პირველი სამგზავრო საბაგირო გზა იყო.

ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჭიათურაში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო, მგზავრებს საფრთხეს უქმნიდა.

სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი ამ ტრანსპორტის გარეშე დარჩა.

ჭიათურაში მათი რეაბილიტაცია–რეკონსტრუქცია 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

Print