ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ყოფილ "ნაციონალებზე" – ველოდები როდის დატოვებენ ფრაქციას
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი, გია უკლება ფრაქციის იმ წევრებთან, რომლებმაც პარტია "ევროპულ საქართველოში" გადაინაცვლეს, თანამშრომლობას გამორიცხავს.

მისი თქმით, დავით გოგისვანიძემ და ამირან ძოწენიძემ ფრაქცია უნდა დატოვონ.

"ამდენი რამის მერე თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ და ველოდები როდის დატოვებენ ფრაქციას. ველოდები თუ ეყოფათ მორალური მზაობა ამისთვის", – აცხადებს გია უკლება.

ფრაქციის დატოვებას, ჯერჯერობით, არ აპირებენ ყოფილი "ნაციონალები". ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ამირან ძოწენიძე ამბობს, რომ ყველაფერზე შესაძლებელია მოლაპარაკება.

"ყველაფრის მოლაპრაკება შეიძლება. ტრაგიკულს ვერ ვხდავ იმაში, რომ ისევ ერთ ფრაქციაში ვიყოთ იმიტომ, რომ ერთად მოვდივართ წლებია. ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი საერთოდ დაიშლება თუ არა ფრაქცია", – აცხადებს ამირან ძოწენიძე.

მისი თქმით, მოლპარაკებები ფრაქციის სახელწოდებასა და თავმჯდომარის ვინაობაზე უნდა შედგეს.

"უნდა ვილაპარაკოთ ფრაქციის სახელზე, ვინ უნდა იყოს ფრაქციის თავმჯდომარე, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა და ასე შემდეგ. მოლაპარაკების თემაა ეს",–აცხადებს ამირან ძოწენიძე.

ქუთაისის საკრებულოში ორი წევრით დარჩენილი "ნაციონალები" მომავალში ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ. გია უკლებას თქმით, ისინი სხვა ფრაქციასთან შეერთებას არ აპირებენ, თუმცა, შესაძლოა საკრებულოს სხვა დეპუტატებთან ითანამშრომლონ.

დავით გოგისვანიძემ და ამირან ძოწენიძემ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიმდინარე წლის 12 იანვარს დატოვეს.



Print