ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძეს გათავისუფლებაზე უარი უთხრა
FaceBook
სამტრედიაში, სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე პატიმრობაში დარჩა.


საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 17 იანვარს შედგა.

პროკურორი, ნათია კიკვაძე მიიჩნევს, რომ არსებობს გოდერძი თევზაძის მიერ მიმალვის და მის მიერ მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, რის გამოც იგი პატიმრობიდან არ უნდა გათავისუფლდეს.

საქმეში გოდერძი თევზაძის ბრალეულობას ვერ ხედავს გარდაცვლილი დემურ სუტურას დედა, ნონა ჯოჯუა, რომელიც პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.

დაკითხვაზე, ჯოჯუამ განაცხადა, რომ ბრალდებულს მისი ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მას ხშირად ეხმარებოდა. მისივე თქმით, თურქეთში წასვლის წინ გოდერძი თევზაძეს სთხოვა მისი შვილისთვის ყურადღება მიექცია და თუ საჭირო იქნებოდა შეეშინებია კიდეც, რადგან, გარდაცვლილის დედის თქმით, დემურ სტურუა ხშირად სტუმრობდა აზარტულ დაწესებულებებს.

ჯოჯუა მიიჩნევს, რომ თევზაძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, რადგან მოძიებულმა ფაქტებმა მის უდანაშაულობაში დაარწმუნა.

"უდანაშაულოა და გაათავისუფლონ. ბევრი რამ გავიგე მე დემურის გარდაცვალების შემდეგ. ბევრი ფაქტი მოვიძიე. ის არ უცემია გოდერძი თევზაძეს. საჯავახოში სცემეს უბნის ბიჭებმა და გამორბოდა თურმე ქუჩაში ყვირილით, თავი დამანებეთო",–აცხადებს ნონა ჯოჯუა.

გარდაცვლილი დემურ სტურუას დედას ადვოკატი არ ყავს და ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

"მე თვითონ გავუშვი, არ მჭირდებოდა არასამთავრობოების ადვოკატები",–ამბობს გარდაცვლილის დედა.

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ გოდერძი თევზაძის წინააღმდეგ სასამართლოს საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

"ყოველი დღე და საათი, რასაც გოდერძი თევზაძე ატარებს პატიმრობაში, არის უკანონო. ფაქტია, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს საკმარისი მტკიცებულება, ჩვენ კი გვაქვს მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც საბოლოოდ დაარწმუნებს სასამართლოს გოდერძი თევზაძის უდანაშაულობაში",–აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, აკაკი ჯანელიძე.

სამტრედიის პოლიციის  ყოფილი ინსპექტორ–გამომძიებელი, გოდერძი თევზაძე, რომელიც 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული, 2016 წლის 13 სექტემბერს, სამართალდამცავებს მას შემდეგ ჩაბარდა, რაც მასზე, ძებნა გამოცხადდა.

გარდაცვლილი დემურ სტურუა, თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში მიუთითებდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, სამტრედიის პოლიციის  ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მიერ,  მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და მორალური ზეწოლის გამო მიიღო. წერილის მიხედვით, თევზაძემ იგი სცემა და აიძულებდა ეთქვა, ვის ჰქონდა მის სოფელში დათესილი მარიხუანა.

22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წლის 7 აგვისტოს დაასრულა.

გოდერძი თევზაძეს გათავისუფლებაზე უარი სასამართლომ ერთხელ უკვე უთხრა. იგი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობის მოხსნას ითხოვდა, თუმცა,  მისი  მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გოდერძი თევზაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითაა აღძრული, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას წინასწარი პატიმრობა  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს შეუფარდა.
Print