ახალი ამბები
აწსუ–ს ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის მეორედ გამოცხადებული ტენდერი დასკვნით ეტაპზეა.



მასში მონაწილეობა 8 კომპანიამ მიიღო, რომელთაგან ყველაზე დაბალი თანხა, 2 085 265 ლარი "სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა" წარადგინა.

მიმდინარე წლის 18 იანვარს, სწორედ, ამ კომპანიასთან გეგმავს ხელშეკრულების გაფორმებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი.
დოკუმენტაციის თანახმად, "სს სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" სატენდერო პირობებს ზუსტად პასუხობს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია 1996 წელს დაარსდა.

წერეთლის უნივერსიტეტმა საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის 2 543 008 ლარის საწყისი ღირებულების ელექტრონული შესყიდვა მეორედ 2016 წლის 30 ნოემბერს, ხოლო პირველი ტენდერი გასული წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა.

მასში ექვსმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მაშინ გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა ვერ მოხერხდა, რადგან სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მას 1 მილიონი ლარის ღირებულების ობიექტის მშენებლობის გამოცდილება უნდა ჰქონოდა. აღნიშნული მუხლი ტენდერში მონაწილე ერთ-ერთმა კომპანიამ "კავკასუსინვესტმა", რომელმაც ყველაზე ნაკლები თანხა მოითხოვა, დავების საბჭოში გაასაჩივრა. 

კომპანია ამტკიცებდა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა და აღნიშნული მუხლის მათ სასარგებლოდ დაკმაყოფილებას მოითხოვდა.

წერეთლის უნივერსიტეტმა 2.5.1 მუხლი ძალაში დატოვა და ტენდერი შეწყვიტა.

პროექტი 2 500 000 ლარადაა შეფასებული. აქედან, 200 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს.

ახალი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქალაქს 2017 წელს ექნება.




 

Print