ახალი ამბები
გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში "მაკდონალდსის" მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ის რესტორნის მშენებლობას უზნეობის, უპასუხისმგებლობისა და პოლიტიკური უნიათობის გამოვლენად აფასებს.

"რაც ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ხდება, უზნეობის, უპასუხისმგებლობის, პოლიტიკური მერკანტილიზმისა და უნიათობის (საყოველთაოდ მიღებული ეპითეტია) გამოვლენის უმაღლესი ნიშნულია. მარტივად წარმოვიდგენ თუ რა შეიძლება მომხდარიყო იმ "სისხლიანი 9 წლის" მანძილზე, მსგავსი ცვლილება რომ განხორციელებულიყო აღნიშნულ ადგილზე. რა სიხშირით და რა რიტორიკით გამოიჩენდნენ თავს "ქალაქზე მუდმივად მოფიქრალი ადამიანები". ძალიან მაკვირვებს მათი სიჩუმე და მზარავს იმაზე ფიქრი - რით შეიძლება იყოს განპირობებული ეს", – წერს გია თევდორაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

კომპანიაში "თ&კ რესტორნები", რომელიც საქართველოში "მაკდონალდსის" რესტორნების ქსელის მფლობელია, ქუთაისიპოსტს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები კი ჯერ არ დაწყებულა.

ქუთაისის მერიაში აცახდებენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მშენებლობის პროექტი ჯერ არ განუხილავს, თუმცა, შემოღობვით სამუშაოებზე ნებართვა გაცემულია. 

ქალაქის ცენტრში მშენებლობა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის  ორგანიზაციამაც გააპროტესტა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისში დავით აღმაშენებლის მოედანზე 1416 კვ.მ მიწის ფართობზე უფლების რეგისტრაცია შპს "თ&კ რესტორნებმა" გასული წლის 24 ნოემბერს მიიღო. აქვეა მითითებული, რომ 128კვ.მ ფართი დატვირთულია სერვიტუტით.

სააგენტოს მონაცემებითვე, მითითებული ტერიტორია 2016 წლის 13 დეკემბერს "საქართველოს ბანკში" იპოთეკითაა დატვირთული.

Print