ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს სამუშაო ჯგუფი გასხვისებული ქონების საქმეებზე დასკვნას ამზადებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში შექმნილ დროებით  სამუშაო ჯგუფს დასკვნა, რომელიც  გასული წლის ბოლოს უნდა დადებულიყო, ამ დრომდე არ  გამოუქვეყნებია.
2006–2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონებისა და მიწის ნაკვეთების კანონიერების შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი, გია ქობალიანი ირწმუნება, რომ  ამ ეპატზე დასკვნის წერის პროცესში არიან და შედეგები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

"მოკვლევა დასრულდა და ვწერთ უკვე დასკვნებს. უახლოეს მომავალში უკვე გასაჯაროვდება",–ამბობს გია ქობალიანი.

რამდენი და რა საქმეები შეისწავლა ჯგუფმა უცნობია. ქობალიანის თქმით, საქმეების კონფედენციალობა დასკვნის გამოქვეყნებამდე იქნება დაცული.

ასევე,  უცნობია, მოხვდება თუ არა დასკვნაში რიონის სანაპიროზე მშენებარე კაფე–ბარ "არგოს" საქმე, რომლის შესწავლისკენ ჯგუფს მისივე ყოფილმა წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა ლატარიამ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ჯგუფის შემადგენლობა დატოვა.

დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესწავლილი საქმეების ის ნაწილი, რომლებშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, კონტროლის პალატას გადაეცემა, დანარჩენი კი გასაჯაროვდება.

აღსანიშნავია, რომ 8 თვის წინ ქუთაისის საკრებულოში შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს ვადა  ადგილობრივმა წარმომადგენლობითმა ორგანომ რამდენჯერმე გაუხანგრძლივა.

ჯგუფის ხელმძღვანელი, გია ქობალიანი ამბობდა, რომ ბევრი საქმე იყო შესასწავლი, რაც დროს საჭიროებდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, ჯგუფის მუშაობაში ოპოზიციონერი წევრები მონაწილეობას არ იღებდნენ.

Print