ახალი ამბები
ქუთაისის ციხეში ნარკოტიკის გადაცემის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეტანის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების  საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქე ნ.ჭ. ქუთაისის ციხეში  მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემას ცდილობდა.

"დაკავებულია მოქალაქე ნ.ჭ, რომელიც N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის ს.შ-სთვის ამანათის შეგზავნის მიზნით დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მივიდა. შესაბამისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის მიერ წარდგენილ ს.შ-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში მალულად იყო ჩაკერებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომლებშიც მოთავსებული იყო 0.046141 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ნ.ჭ. ადგილზე დააკავეს",–ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-378-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის  უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა–შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას ითვალისწინებს. 
Print